გასული წლის ნოემბერში, ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ საკვანძო ეტაპი გადალახა სპეციალურმა რეაქტორმა, იგივე „ხელოვნურმა მზემ“. საქმე ის არის, რომ ენერგიის მისაღებად ამ რეაქტორმა უნდა გაიმეოროს ბირთვული სინთეზის ზუსტად ის პროცესები, რაც ნამდვილ მზეში მიმდინარეობს. მკვლევართა ცნობით, რეაქტორში ელექტრონთა ტემპერატურამ უკვე მიაღწია 100 მილიონ გრადუს ცელსიუსს. რეაქტორს ოფიციალურად „ტოკამაკს“ უწოდებენ.
ოფიციალურ პირთა განცხადებით, ხელოვნური მზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. მათი თქმით, ეს მოწყობილობა ახალ საკვანძო ეტაპსაც გადალახავს, ამჯერად იონურ ტემპერატურაში — კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს ბირთვული სინთეზის ენერგიის შეგროვებასთან.
ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის წარმომადგენლის, დუან სურუს განცხადებით, ხელოვნური მზის პლაზმა ძირითადად იონებისა და ელექტრონებისგან შედგება. მისი თქმით, „ტოკამაკის“ მოწყობილობებში, ელექტრონების ტემპერატურამ პლაზმაში უკვე მიაღწია 100 მილიონ გრადუს ცელსიუსს, იონების ტემპერატურამ კი 50 მილიონ გრადუსს. მოწყობილობაში ენერგიას სწორედ იონები გამოიმუშავებს.
როგორც დუანი აღნიშნავს, „ HL-2M ტოკამაკს“ შესაძლებლობა ექნება მიაღწიოს 100 მილიონ გრადუს ცელსიუს იონურ ტემპერატურას — დაახლოებით შვიდჯერ მეტს, ვიდრე ნამდვილი მზის იონურ ტემპერატურას.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მოწყობილობას გამოიყენებენ ბირთვული სინთეზის სამომავლო რეაქტორებში, რაც კიდევ უფრო მიგვაახლოებს მიზანთან, რომ რეალური გახდეს ოცნება უშრეტი სუფთა ენერგიის შესახებ.
მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.