იაპონიაში მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სინთეზის რეაქტორი ამუშავდა — #1tvმეცნიერება
იაპონიაში მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სინთეზის რეაქტორი ამუშავდა — #1tvმეცნიერება

იაპონიაში მსოფლიოში უდიდესი ექსპერიმენტული ბირთვული სინთეზის რეაქტორი აამუშავეს. ეს ტექნოლოგია ჯერ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, მაგრამ ფიქრობენ, რომ სწორედ ის იქნება მომავალში კაცობრიობის ენერგეტიკულ საჭიროებათა დაკმაყოფილების ძირითადი წყარო.

ბირთვული სინთეზი განსხვავდება ბირთვული დაშლისგან, რომელსაც ამჟამად იყენებენ ატომურ ელექტროსადგურებში. ერთი ატომბირთვის დაშლის ნაცვლად, ის ორ ატომბირთვს ურწყავს ერთმანეთს.

რეაქტორ JT-60SA-ის მიზანია, შეამოწმოს სინთეზის, როგორც უსაფრთხო, ფართომასშტაბიანი და ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის წყაროს გამოსადეგობა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მის საწარმოებლად ხარჯავს.

ექვსსართულიანი შენობის სიმაღლის დანადგარი ტოკიოს ჩრდილოეთით არის განთავსებული და შედგება დონატის ფორმის „ტოკამაკისგან“, რომელშიც პლაზმა 200 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება.

წარმოადგენს ევროკავშირისა და იაპონიის ერთობლივ პროექტს; კიდევ ერთი ასეთი პროექტი, სახელად საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორი (ITER) ამჟამად საფრანგეთში შენდება.

ორივე პროექტის საბოლოო მიზანია წყალბადის ბირთვების შერწყმა ერთ უფრო მძიმე ელემენტად, ჰელიუმად, რა დროსაც გამოიყოფა ენერგია სინათლისა და სითბოს სახით — ახდენს იმ პროცესის მიბაძვას, რაც მზეში მიმდინარეობს.

ITER-ის წინაშე ბევრი პრობლემაა, მაგრამ მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ხელში ჩაიგდებენ ბირთვული სინთეზის ტექნოლოგიის „გრაალის თასს“, სუფთა ენერგიას.

პროექტ JT-60SA-ის ხელმძღვანელის მოადგილე, სემ დევისი ამბობს, რომ ეს მოწყობილობა ახლოს მიგვიყვანს სინთეზის ენერგიასთან.

„ეს გახლავთ ევროპასა და იაპონიაში 500-ზე მეტ მეცნიერს, ინჟინერსა და 70 კომპანიას შორის მიმდინარე თანამშრომლობის შედეგი“, — ამბობს დევისი.

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის, კადრი სამსონის განცხადებით, JT-60SA მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტოკამაკია და მისი ოპერირების დაწყება სინთეზის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპია.

„სინთეზს აქვს პოტენციალი, რომ საუკუნის მეორე ნახევარში ენერგიის მიქსის მთავარი კომპონენტი გახდეს“, — ამბობს სამსონი.

„სუფთა ენერგიის მოგების“ გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მოხდა გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც განთავსებულია მსოფლიოში უდიდესი ლაზერი.

ამერიკელი დანადგარი ITER-ისა და JT-60SA-ისგან განსხვავებულ მეთოდს იყენებს, რომელსაც ინერციულ სინთეზს უწოდებენ და რომელშიც, მაღალენერგიული ლაზერები ერთდროულად არის მიმართული წყალბადით სავსე თითის ზომის ცილინდრისკენ.

აშშ-ის მთავრობამ შედეგს „საეტაპო მიღწევა“ უწოდა შეუზღუდავი, სუფთა ენერგიის წყაროს ძებნის გზაზე, რომელმაც უნდა დაასრულოს დამოკიდებულება ნახშირბადის გამომყოფ წიაღისეულ საწვავზე, რომელიც კლიმატის ცვლილების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.

ბირთვული დაშლისგან განსხვავებით, ბირთვული სინთეზი არ ფლობს კატასტროფულ ბირთვულ ინციდენტთა რისკებს, როგორიც მაგალითად, 2011 წელს მოხდა ფუკუშიმას რეაქტორზე; ამავე დროს, ტოვებს გაცილებით ნაკლებ რადიოაქტიურ ნარჩენს, ვიდრე ამჟამინდელი ატომური ელექტროსადგურები.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.