ჩინეთის „ხელოვნურმა მზემ“ პლაზმის სინთეზის მსოფლიო რეკორდი მოხსნა — #1tvმეცნიერება
ჩინეთის „ხელოვნურმა მზემ“ პლაზმის სინთეზის მსოფლიო რეკორდი მოხსნა — #1tvმეცნიერება

სულ რაღაც შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პლაზმის სინთეზის საეტაპო რეკორდის შესახებ გვამცნეს და ამჯერად, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ საკუთარი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ჩინეთის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტის ცნობით, მათმა ტოკამაკმა რეაქტორმა, რომელსაც „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ, 120 მილიონ გრადუსზე გაცხელებული პლაზმის მბრუნავი მარყუჟი 1056 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

რეაქტორ EAST-ის (Experimental Advanced Superconducting Tokamak) ეს გარღვევა მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს სინთეზის ექსპერიმენტებში, რომლებიც ენერგიის სინთეზის მიზნით ტარდება.

ბირთვული სინთეზის გზით მიღებული ენერგია მსოფლიოს ნამდვილად შეცვლიდა, მაგრამ ამის მიღწევა წარმოუდგენლად რთულია. მოითხოვს იმ პროცესთა გამეორებას, რომლებიც ვარსკვლავის წიაღში მიმდინარეობს, სადაც მაღალი წნევა და ტემპერატურა ატომების ბირთვებს ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ კუმშავს, რომ ისინი ერთმანეთს ერწყმიან და ახალ ელემენტებს წარმოქმნიან.

მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა შემთხვევაში, ეს ბირთვები წყალბადისაა, რომელიც სინთეზის გზით ჰელიუმს წარმოქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ ჰელიუმის ბირთვი ნაკლებად მასიურია, ვიდრე ის წყალბადის ატომი, რომლის სინთეზმაც ის წარმოქმნა, ჭარბი მასა სითბოსა და სინათლის სახით გამოსხივდება.

შედეგად გამომუშავდება წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ენერგია, საკმარისი, რათა ვარსკვლავი კვებოს; მეცნიერები იბრძვიან, რომ იგივე პროცესი აქ, დედამიწაზეც გამოიყენონ. მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ვარსკვლავის გულში არსებულის მსგავსი სიცხისა და წნევის წარმოქმნა, მაგრამ ამისათვის არსებობს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიები.

ტოკამაკში პლაზმა სუპერგაცხელებულია და მძლავრი მაგნიტური ველების მიერ შემოსაზღვრულია ტორუსის, ანუ დონატის ფორმაში. თუმცა, კიდევ ერთი პრობლემაა ასეთი შემოსაზღვრული, სუპერცხელი პლაზმის დიდი ხნით შენარჩუნება, რათა რეაქციები უფრო დიდხანს გაგრძელდეს. მიზეზი ის არის, რომ სუპერცხელი პლაზმა ქაოსური და ტურბულენტურია, მიდრეკილია არასტაბილურობისკენ, რასაც შედეგად მოსდევს გაფანტვა.

EAST-ის წინა ტემპერატურული რეკორდი იყო 160 მილიონი გრადუსი ცელსიუსის შენარჩუნება 20 წამის განმავლობაში. შედარებისათვის, მზის ბირთვში ტემპერატურა 15 მილიონი გრადუსი ცელსიუსია; ტოკამაკში უფრო მაღალი ტემპერატურა დაბალ წნევას ანაზღაურებს.

2021 წლის 30 დეკემბერს, რეაქტორმა EAST-მა 2021 წლის მიზანს მიაღწია, პლაზმის შენარჩუნებაში 1000 წამს გადააჭარბა და დროის რეკორდიც მოხსნა.

სინთეზს ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ მომენტისთვის, სინთეზის გენერატორი იმაზე მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე გამოიმუშავებს. თუმცა, პლაზმის შემოსაზღვრის გახანგრძლივება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია პლაზმის თვითნებური სინთეზის რეალობად ქცევისკენ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.