ჩინეთის კოსმოსურ ტექნოლოგიათა აკადემია მუშაობს ორბიტული ელექტროსადგურის შექმნაზე, რომელიც მზის ენერგიას კოსმოსში დაიჭერს და დედამიწაზე გამოაგზავნის.
სადგურს მზის ენერგიის შეგროვება მაშინაც შეეძლება, როცა დედამიწა ღრუბლებითაა დაფარული, რადგან მზის სინათლის ელექტოენერგიად გარდამქმნელი მოწყობილობა დედამიწის ზედაპირიდან საკმაოდ მაღლა იმოძრავებს.
სატესტო სადგურის გაშვება 2025 წლამდე იგეგმება. ამ ნაბიჯით ჩინეთი აშკარად მიანიშნებს, რომ მას უფრო მეტი განახლებადი ენერგიის წარმოება სურს და ამავე დროს იმყარებს თავის ადგილს გლობალურ კოსმოსურ ლიდერთა შორის.
რა თქმა უნდა, ორბიტაზე მოძრავი სადგურისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს შეგროვებული ენერგიის დედამიწაზე გადმოცემა.
პროექტის მეცნიერები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
გამოცემა „სიდნეი მორნინგ ჰერალდის“ ცნობით, ამჟამინდელი გეგმა ითვალისწინებს, რომ კოსმოსში მოძრავმა მზის პანელებმა დაიჭიროს მზის სინათლე და ელექტროენერგია დედამიწაზე არსებულ სადგურს გამოუგზავნოს მიკორტალღების ან ლაზერის ფორმით.
ამის შემდეგ, დედამიწის სადგურში ტალღები კვლავ ელექტროენერგიად გარდაიქმნება და საჭიროებისამებრ გადანაწილდება.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და ენერგიის გადმოცემის ტექნოლოგიამაც გამართულად იმუშავა, ჩინელი მეცნიერები 2050 წლამდე კოსმოსში უფრო დიდი და მძლავრი სადგურის გაშვებას გეგმავენ.
გარდა დედამიწაზე სუფთა ენერგიის გამოგზავნისა, ელექტროსადგურს შესაძლებლობა ექნება ენერგიით მოამარაგოს უფრო შორეული კოსმოსური მისიები, რადგან მის ნაკადს საკმარისი სიზუსტე ექნება, რათა მიზანში ამოიღოს და ენერგია გადასცეს შორეული კოსმოსის შესასწავლად წასულ ხომალდს ან რაკეტას.