ჩილეში საკონსტიტუციო ასამბლეისა და რეგიონული არჩევნები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ერთი თვით გადაიდო
ჩილეში საკონსტიტუციო ასამბლეისა და რეგიონული არჩევნები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ერთი თვით გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ მიიღო. არჩევნები 10-11 აპრილის ნაცვლად, 15-16 მაისს გაიმართება.
„პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც გუბერნატორების, მერების, საკრებულოს წევრებისა და საკონსტიტუციო ასამბლეის წევრების არჩევნების გადადებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ჩილეს მთავრობის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩილეში ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულებულია. ბოლო დღე-ღამეში ქვეყენაში ვირუსის 3 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩილეში ვირუსის ერთი მილიონ 37 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
25 მარტიდან ჩილეში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. 5 აპრილიდან მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო საზღვრები ჩაკეტეს.