ჩილეში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციაზე მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა
ჩილეში საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციაზე აქტივისტებმა პრეზიდენტ სებასტიან პინერას გადადგომა მოითხოვეს. დედაქალაქ სანტიაგოს ცენტრალურ ნაწილში დემონსტრანტები სახელისუფლებო შენობებთან შეიკრიბნენ. მასშტაბური დემონსტრაციის დრო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დედაქალაქთან ერთად დემონსტრაციები გაიმართა ჩილეს სხვა დიდ ქალაქებშიც.
ჩილეში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ფასების მომატება გახდა. ამასთან ერთად, აქტივისტები პენსიების მომატებას, სამედიცინო მედიკამენტებზე ფასების დაკლებას და სოციალური რეფორმების გატარებას ითხოვდნენ. დედაქალაქში აგორებული ტალღა მალევე მოედო მთელ ქვეყანას და დემონსტრაციების გამართვა სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყო.
დემონსტრაციების პირველ დღეებში აქციები არეულობით სრულდებოდა, რა დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 600-მდე ადამიანი, სამი ათასამდე აქტივისტი კი, დააკავეს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების მომატების გეგმა გააუქმა, თუმცა დემონსტრაციები არ შემწყდარა. უკანასკნელ მასშტაბურ აქციაზე აქტივისტების მოთხოვნა შეიცვალა. ისინი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.