ჭიათურის ახალარჩეული მერი - მუნიციპალიტეტი ჩართულია კომპანიისა და მაღაროელების მოლაპარაკებებში, ველოდებით პროცესების დროულ დარეგულირებას
მუნიციპალიტეტი ჩართულია კომპანიისა და მაღაროელების მოლაპარაკებებში, ველოდებით ამ პროცესების დროულ, მშვიდობიან დარეგულირებას, – ამის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ განაცხადა.
გივი მოდებაძის ინფორმაციით, გარდა ხელფასების მატების საკითხისა, დაწყებულია სამუშაოები, რათა იმ პრობლემების გადაჭრა მოხდეს, რაც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს.
„ამ ეტაპზე მაღაროელებს აქვთ მოთხოვნა, ხელფასები გაიზარდოს 30 პროცენტით. დამსაქმებელმა, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათ შესთავაზა ხელფასების 25 პროცენტით ზრდა. 15 პროცენტი და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში 10 პროცენტით. მუნიციპალიტეტი ჩართულია აღნიშნულ მოლაპარაკებებში, ჩვენ ველოდებით ამ პროცესების დროულ და მშვიდობიან დარეგულირებას. ჩვენ გვაქვს ის ბერკეტი, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ, რომ ეს პროცესები მშვიდობიანად დასრულდეს“,- განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა, გივი მოდებაძემ.
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა ხელფასების მომატების მოთხოვნით გრძელდება.