ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. მეექვსე დღეა 15 მაღაროელი ხელფასის მომატების მოთხოვნით შიმშილობს.

როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, მათ დღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს. მაღაროელების ინფორმაციით, შეტყობინებაში წერია, რომ კომპანია ხელფასების 25 პროცენტით მომატებით შემთხვევაში მათ სამსახურში გამოცხადებას სთხოვს. ასევე შეტყობინების საშუალებით კომპანია აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ უკანონო გაფიცვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია და მოლაპარაკებებზე უარის გამო, სამართლებრივ დავას იწყებენ.

წუხელ „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებსა და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები ჭიათურის ახლად არჩეული მერის შუამდგომლობით შედგა.

გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ კომპანიას მოლაპარაკებების პროცესში 30 პროცენტიანი მატება თავად შესთავაზეს, რაზეც კომპანიის მხრიდან უარი მიიღეს. მათივე ინფორმაციით, კომპანია ხელფასების 25 პროცენტიან მატებაზე დათანხმდა. გაფიცული მაღაროელები კომპანიის ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობენ და გაფიცვას აგრძელებენ.

დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა არაადეკვატურია. ასევე შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს.