ჩეხეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ავადმყოფობის გამო საკუთარი მოვალეობების შესრულება არ შეუძლია
ჩეხეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ავადმყოფობის გამო საკუთარი მოვალეობების შესრულება არ შეუძლია.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის, მილოშ ვისტრშილის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი უახლოეს კვირებში სამსახურს დაუბრუნდება.
მისი თქმით, პარლამენტმა უნდა განიხილოს კონსტიტუციის პუნქტის ამოქმედების საკითხი, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება სხვა თანამდებობის პირებს დაეკისრებათ, მათ შორის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა.
კონსტიტუციის აღნიშნული პუნქტის ამოქმედებისთვის ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატის თანხმობაა საჭირო. პარლამენტის ქვედა პალატის ახალი შემადგენლობის შეკრება 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი საავადმყოფოში 10 ოქტომბერს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღეს მოათავსეს. ექიმების თქმით, პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია ქრონიკული დაავადების გართულების გამო გახდა საჭირო. დიაგნოზი პაციენტის მოთხოვნით არ სახელდება.