ჩეხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი - დემოკრატიული გარდაქმნა შავი ზღვის რეგიონის ქვეყანას, საქართველოს მომავლის იმედს აძლევს
ჩეხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი - დემოკრატიული გარდაქმნა შავი ზღვის რეგიონის ქვეყანას, საქართველოს მომავლის იმედს აძლევს

დემოკრატიული გარდაქმნა შავი ზღვის რეგიონის ქვეყანას, საქართველოს მომავლის იმედს აძლევს, – ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრ ვონდრას საავტორო სტატიაში, რომელიც theparliamentmagazine.eu-ზე გამოქვეყნდა.

ვონდრას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა, როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოსთვისაც გამოწვევებით აღსავსე დროს დაემთხვა.

„პრობლემებით აღსავსე ძალაუფლების გადაცემა აშშ-ში, მუდმივად აგრესიული რუსეთი და პოტენციური გლობალური დაღმასვლა, რომელიც აქამდე მსოფლიოს არასდროს უნახავს, ცხადია, რომ უსაფრთხოების კუთხით რთული გამოწვევები გველოდება“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის უწყების ყოფილი მეთაური.

ამავე დროს, ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობასა და ნატო-ს შორის კავშირები განმტკიცდა. მისივე თქმით, ნატო-ს ყოფილმა და მოქმედმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს არაერთხელ უწოდეს ალიანსის „უახლოესი პარტნიორი“ და აღარავის უკვირს, რომ საქართველოს ნატო-ს ავღანეთის მისიაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს, ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ასევე არის ნატოს სტრატეგიული პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში.

„ნატო-ს ხელმძღვანელობამ, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მთავრობებმა, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობენ. საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები, სამინისტროები და მედია რეგულარულად ხდება რუსეთიდან განხორციელებული კიბერთავდასხმების მსხვერპლი. ანალოგიური კიბერშეტევები მიიტანეს ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე“, – წერს ჩეხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ვონდრას თქმით, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ გამოწვევებისა, რომელთა გადასაჭრელადაც საქართველოს სადაზვერვო სამსახურების მხარდამხარ მათი ამერიკელები და ევროპელი კოლეგები მუშაობენ, რათა მომავალი თავდასხმები აიცილონ თავიდან და რუსეთის კიბერპროგრამების შესახებ მეტი შეიტყონ.

„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საინტერესო სანახავი იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. პარტია „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა მთავრობამ უკვე გამოთქვა სურვილი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი. ეს მოკლე ვადა მკაფიო ნიშანია, რომ მთავრობა მიზნების შესრულებას სწრაფად ეცდება. „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან ხელისუფლებაშია, და ის არ მალავს სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ეს სურვილი საჯაროდ გამოთქვა პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა ინდუსტრიალისტმა, რომელმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვა და ცოტა ხნით იმსახურა საქართველოს პრემიერ მინისტრად. ივანიშვილმა გააოცა ქართველები იანვარში, როდესაც განაცხადა რომ ის ყველა პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს და ფოკუსირებული იქნება ქველმოქმედებაზე. მან პირადად დააფინანსა კულტურისა და განათლების პროექტები და ამ საქმისთვის 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯა მთელ საქართველოში. ეს ახალი ამბავი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი იმით, რომ ივანიშვილი, თავის კოლეგა მილიარდერის, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით თავისი ნებით ტოვებს თანამდებობას და მართვის სადავეებს ქართველების ახალ თაობას გადასცემს, რადგან სჯერა, რომ ისინი გააგრძელებენ სვლას მისი ხედვით, რაც გახლავთ საქართველოს დასავლური, ევროპული მომავალი. მის გადაწყვეტილების მიზეზებიც საფუძვლიანია. კერძოდ, ის ამბობს, რომ აქტიური დემოკრატია მოითხოვს ხელმძღვანელობის რეგულარულ ცვლილებებს, რათა სიჯანსაღე შეინარჩუნოს. ეს მარტივი კრედოა, მაგრამ ეს გაკვეთილი ძველმა და ახალმა დემოკრატიებმა შეიძლება, გაითვალისწინონ, ყველა კონტინენტზე. ივანიშვილმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ მისი პარტია მომავალში წააგებს არჩევნებს და დაბრუნდება კონსტრუქციული ოპოზიციის როლში. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრინციპია, რომელსაც სამწუხაროდ, განვითარებადი დემოკრატიები არ იცავენ“. – წერს ჩეხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ავტორის თქმით, საქართველო თუ ნამდვილად მოწოდებულია ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეავსოს, მაშინ მთავრობამ ეკონომიკისა და დემოკრატიის რეფორმები უნდა გააგრძელოს.

„მსოფლიო ბანკმა ახლახანს საქართველო შეაქო და „ვარსკვლავი რეფორმატორი“ უწოდა. ეს გახლავთ შედეგი „სიღრმისეული რეფორმებისა ეკონომიკურ მენეჯმენტში, რამაც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ეს იმედისმომცემი ნიშანია, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, შეიძლება თუ არა ბრიუსელისა და ვაშინგტონის დარწმუნება, რომ მათ მხარი დაუჭირონ საქართველოს კანდიტატურას ასეთ მოკლე ვადაში, 2024 წლამდე. ენტონი ბლინკენმა ,აშშ-ისა ახალმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა რომ ნატოში ეს შესაძლებლობა ღიაა. ახლა ევროკავშირი პასუხისმგებლობაა, რათა განიხილოს, თუ რა პასუხს გასცემს საქართველოს მოთხოვნას. ევროკავშირის გაფართოება მგრძნობიარე საკითხი და იქნებიან ისეთები, ვინც საქართველოს მიღებას შეეწინააღმდეგება. სხვები ადვოკატირებას გაუწევენ საქართველოს წევრობას და ამის საბუთად მოიყვანენ ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე და მის პროევროპულ კულტურას“, – წერს ჩეხი პოლიტიკოსი.

ავტორის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება სწრაფი პროცესი და ეს ყველაზე უკეთ იციან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირში 2004, 2007 და 2013 წელს შეურთდნენ.

„საქართველოს მთავრობამ თბილისში კარგი სტარტი აიღო. მათ უნდა იცოდნენ, რომ წინ ბევრი სამუშაო ელოდება, თუ მიზნის მიღწევა სურთ“, – წერს ჩეხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

დატოვე კომენტარი