ჩეხეთის საელჩომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სურსათის ბანკის“ პროექტი წარადგინა
ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ წარდგენის ღონისძიება გაიმართა.
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, ორგანიზაციამ People In Need (PIN), ევროკავშირთან (EU), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და პროექტის პარტნიორებთან ერთად, საქართველოში სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებისა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდისაკენ მიმართული პროექტის დაწყება აღნიშნა.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„PIN საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სოფია ჯანჯუამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და იმ დადებით ცვლილებებს, რაც ამ პროექტის განხორციელებით იქნება გამოწვეული.
საქართველოში პირველი „სურსათის ბანკის“ შექმნის შესახებ ისაუბრეს კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, საქართველოს მთავრობის, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და ევროპის „სურსათის ბანკების“ ფედერაციის წარმომადგენლებმა.
მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ აღნიშნული ინიციატივა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების ზრდას და სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით ჭარბი სურსათის გადანაწილებას ითვალისწინებს.
პროექტი ასევე შეაფასებს „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ ახალი კანონის გავლენას ადგილობრივი სასურსათო უსაფრთხოების გაზრდაზე“, – აცხადებენ საელჩოში.
მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, შეამციროს სურსათის ნარჩენები, ფერმერთა სურსათის დანაკარგები და სათბური აირების გამოყოფა. გარდა ამისა, ადგილობრივ დონეზე ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ.
„ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის, ასევე, იყვნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუმბერ მარუაშვილი და ევროპის „სურსათის ბანკების“ ფედერაციის წარმომადგენელი ბალაშ ჩეჰი.
პროექტი ხორციელდება 2023-2026 წლებში და იგი ეყრდნობა სურსათის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროებში PIN-ისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას.
გარდა ამისა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერება წარმოადგენს, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირება და უზრუნველყონ მათთვის სურსათის გადანაწილება, ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან და აწარმოონ სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ხორციელდება საქართველოს წითელ ჯვართან (GRC), „პარკი არ მინდა“-სა (PAM) და Eliots Sustainability-სთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერებით სურსათის დანაკარგების შემცირებას და სურსათზე ხელმისაწვდომობის ზრდას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში“, – აცხადებენ საელჩოში.