ბათუმისა და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოები ჩეხურ სამედიცინო აპარატურას მიიღებენ
ბათუმისა და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოები ჩეხურ სამედიცინო აპარატურას მიიღებენ

ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივით (Tied Financial Donation) განაგრძობს. ბათუმისა და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოები აღნიშნული ინიციატივის პირველი ბენეფიციარები არიან და ჩეხურ სამედიცინო აპარატურას მიიღებენ. ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

მხარეებს შორის დღეს ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს: ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გვაზავამ და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა ნუგზარ ჯანჯღავამ.

როგორც ჩეხეთის საელჩოში აღნიშნავენ, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით ახალ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.

„ორივე საავადმყოფო ახლად აშენებულია და მათ ნაწილობრივად დაიწყეს ფუნქციონირება ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ. თუმცა, ყველა განყოფილებას არ აქვს საჭირო აღჭურვილობა. დახმარება მიზნად ისახავს ორივე საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პირველად მის ისტორიაში, საავადმყოფო მოქალაქეებს სამეანო და პედიატრიულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს და საამისოდ ჩეხური პროდუქციის გამოყენებაა გათვალისწინებული. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილია 220 საწოლზე და ახალი აღჭურვილობის მიღებით ქირურგიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გაუმჯობესება მოხდება“, – აღნიშნულია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალი თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოების პერსონალისთვის, რომლებსაც ჩეხი პროფესიონალები უზრუნველყოფენ.

„ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გაამარტივებენ. ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალშიც გააგრძელებს ორივე საავადმყოფოსთვის დახმარების გაწევას“, – აცხადებენ ჩეხეთის საელჩოში.

მათივე ცნობით, ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს.