ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ელჩი იცნობს და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით
ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ელჩი იცნობს და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით

ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ქართულ მედიასაშუალებებში ბოლო დროს გავრცელებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.

„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას, რადგან ელჩი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით იცნობს და აფასებს.

მხარეებმა განიხილეს ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები ამოწურულია და ეს თემა შემდგომ განხილვას აღარ იმსახურებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩის დაბარების მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.