საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ მისი სიტყვები მცდარი ინტერპრეტაციით და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ მისი სიტყვები მცდარი ინტერპრეტაციით და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა

ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მიკისკას განცხადება, რომელშიც ელჩი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება, რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.