ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათვე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება, რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.