ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი
ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
„ელიზაბეთ ბლექველის“ ჰოსპიტალში გადაყვანილ პაციენტს ამჟამად ოპერაცია უკეთდება. ორი დაშავებული წევს „ევექსის“ რეგიონულ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია უტარდება.ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფება ორი დაშავებული, მათ მოტეხილობები არ აღენიშნებათ, თუმცა აუცილებელი კვლევები უტარდებათ.
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, ღუდუშაურის კლინიკაში ამჟამად სამი დაშავებული მკურნალობს, მათგან ორს ქალა-ტვინის მსუბუქი ფორმის დახურული ტრავმები აღენიშნება და სტაციონარში ორი დღე დარჩებიან, ერთ პაციენტს კი, მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აქვს და დღესვე გაეწერება კლინიკიდან. ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა მსუბუქი დაზიანებებით ფასდება.
თბილისში, დილით ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.