ჩაქვისთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები.
აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის განცხადებით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს იდენტიფიცირების პროცესი, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი მათგანი სკოლის მოსწავლე იყო, დანარჩენის წლოვანებაც დადგინდება”-განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე დაღუპული ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩაქვისთავში, მტირალას ეროვნულ პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.