თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
„ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია ჯიხურებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
პრევენციის მიზნით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟებიც.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.