„ლილო სითის“ დირექტორის მოადგილე - ყველა მაღაზია და პროდუქცია დაზღვეული იყო, ხანძრის შედეგად ზარალის დათვლას სადაზღვევოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან
„ლილო სითის“ დირექტორის მოადგილე - ყველა მაღაზია და პროდუქცია დაზღვეული იყო, ხანძრის შედეგად ზარალის დათვლას სადაზღვევოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან

„ლილო სითის“ დირექტორის მოადგილის, მაყვალა კავლელაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ყველა მაღაზია და მათში განთავსებული პროდუქცია დაზღვეული იყო.

ამასთან, როგორც კავლელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სრულად გამართული იყო უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

მისი თქმით, ზარალის დათვლის პროცესს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„თავად კონტრაქტორის მიერ, რომელიც გახლავთ შპს „ჩაინა ლილო სითი“, რომელსაც „ლილო სითისგან“ იჯარით აქვს აღებული ქონება, ქონება დაზღვეულია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სადაზღვევო კომპანიას, ჩავაყენეთ საქმის კურსში და დღეს უკვე ველოდებით წარმომადგენელს, რომელიც ადგილზე შეისწავლის სიტუაციას. გარდა ამისა, ქვეკონტრაქტორებს, რომლებსაც „ჩაინა ლილო სითისთან“ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება, ყველა მაღაზიას აქვს დაზღვეული თავისი საქონელი“, – განაცხადა „ლილო სითის“ დირექტორის მოადგილემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელიც საწყის ეტაპზეა. ექსპერტებმა დღეს უნდა დაათვალიერონ, რა მდგომარეობაა და დადგინდეს, რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

„ელექტროგაყვანილობა, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და უსაფრთხოების ღონისძიებები ტერიტორიაზე ყოველთვის ტარდება. როცა სამუშაო დღე სრულდება, ყველა ავტომატურად თიშავს დენს, ცალკეულ ხაზს თავისი ელექტროგამომრთველი აქვს“, – განაცხადა მაყვალა კავლელაშვილმა.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 20-მდე მაღაზია დაიწვა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი