„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე, სადაც გვიან ღამით ხანძარი იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს [ფოტო]
„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე, სადაც გვიან ღამით ხანძარი იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც წუხელ ხანძარი იყო, საპატრულო პოლიცია რჩება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „ჩაინა ლილო სითის“  ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და შიგნით შესვლის საშუალებას არავის აძლევენ.

გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.