დავით კოდუა - „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის, ზვიად ქირიას განცხადებები ჩვენ ოჯახს არ ეხება
დავით კოდუა - „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის, ზვიად ქირიას განცხადებები ჩვენ ოჯახს არ ეხება

მთავარია, გამოძიებით დავადგინოთ, ხანძარი გაჩნდა, თუ გააჩინეს, მერე ვიფიქრებთ ყველაფერს, – ამის შესახებ „ლილო სითის” მფლობელის, ლაურა ღაჭავას შვილმა, ბიზნესმენმა დავით კოდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავით კოდუას თქმით, ამ ეტაპზე ვარაუდებისგან თავს შეიკავებს.

ამასთან, დავით კოდუა  გამოეხმაურა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის, ზვიად ქირიას განცხადებებს, რომ ხანძარი დივერსიაა და ლაურა ღაჭავას ოჯახის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას უკავშირდება.

კოდუამ აღნიშნა, რომ ქირიას განცხადებები მათ ოჯახს არ ეხება.

„ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ნაწილი ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. თუ დადგინდება, რომ ხანძარი ხელოვნიურად არის გაჩენილი, მაშინ ვივარაუდებთ ბევრ რამეს, მაგრამ ახალა ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, რადგან არ ვიცით, რა არის გამომწვევი მიზეზი, რის გამო გაჩნდა ხანძარი. დღეს მთავარია, გამოძიებით დავადგინოთ, ხანძარი გაჩნდა თავისით, თუ გააჩინეს და მერე ვიფიქრებთ ყველაფერს. არც უჩა მამაცაშვილს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩვენთან მიმართებაში არანაირი კავშირი არ აქვს. გუშინ გავიგეთ, ჩვენ მოიჯარე დირექტორთან ქონია პირადი ურთიერთობები და პრობლემა აქვთ ვიღაცებს. სხვა არ ვიცი“, – განაცხადა დავით კოდუამ. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 50-მდე მაღაზიაა დამწვარი.  ზარალის ოდენობა დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.