ცესკო გადასატანი ყუთებით მოსარგებლე ამომრჩევლების სიმრავლის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციას ეხმაურება
ცესკო გადასატანი ყუთებით მოსარგებლე ამომრჩევლების სიმრავლის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციას ეხმაურება

ცენტრალური საარჩევნო კომისია გადასატანი ყუთებით მოსარგებლე ამომრჩევლების რაოდენობის ზრდის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის წესები განმარტა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით და ის საარჩევნო უბანზე მისვლის შემთხვევაში, ხმას ვეღარ მისცემს.

„რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევენ ხმას – საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, ხმის მიცემის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე ორი დღით ადრე მაინც. იმ შემთხვევაში, თუ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 3%-ს, ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობა ეჭვქვეშ არ დამდგარა და არ გასაჩივრებულა.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს – გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით და ის საარჩევნო უბანზე მისვლის შემთხვევაში, ხმას ვეღარ მისცემს. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ ერთხელ“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას საჩივრების შესახებ, პრესსპიკერის თქმით, ვანში, №13 საარჩევნო უბანზე და ხონში №11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია სამი საჩივარი. საჩივრები კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში განიხილება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ვანში გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.