შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, 60 უბნიდან 60-ივეს მონაცემები დათვლილია და არჩევნების წინასწარი მონაცემები უკვე ცნობილია.

როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო, „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.38%.

ამდენად, წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „საქართველო“, გიორგი ლილუაშვილი 0.46%; „ტრადიციონალისტები“, ზურაბ ქართველიშვილი – 0.22%; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, მამუკა ტუსკაძე – 1.47%; საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა), ვასილ კოპალიანი – 1.61%.

ცესკო-ს ცნობით, №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი).

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი დარეგისტრირდა. ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.