პარლამენტის შუალედური არჩევნების უბნების ნახევარზე მეტის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
პარლამენტის შუალედური არჩევნების უბნების ნახევარზე მეტის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს, ​ხოლო მეორე ადგილზე „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავაა.

ამ დროისთვის, ცესკოს-ს ვებგვერდზე 35 შესული ოქმია გამოქვეყნებული.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების მინიმალური ოდენობები მიიღეს. ესენი არიან: „საქართველო“, გიორგი ლილუაშვილი; „ტრადიციონალისტები“, ზურაბ ქართველიშვილი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, მამუკა ტუსკაძე; საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა), ვასილ კოპალიანი.

შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

№54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი).

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი დარეგისტრირდა. ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.