საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვანში გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა

17:58, 28.04.2018

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ვანში გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა.

„გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ით გაიზარდა. შეიძლება ეს ფაქტი უკავშირდებოდეს ხმების მობილიზებას. ზუსტად 25 უბანზე დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. რამდენად იყო ობიქტური საფუძველი, ამას გადამოწმების შემდეგ ვიტყვით, თუმცა 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანში დაფიქსირებული ზრდა ეჭვს ბადებს“, – განაცხადა სულხან სალაძემ პირველ არხთან.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ამ საკითხზე საჩივარი არ დაუწერია.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

მსგავსი