„ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო. ამის შუამდგომლობა „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა და მისმა უფლებადამცველმა დააყენეს.
რჩეულიშვილის თქმით, არსებობს ინვესტორი, რომელთანაც აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და სწორედ ამ მიზეზით მოითხოვეს საქმის გადადება.
„დღეს ჩვენება არ მიმიცია. მოვითხოვეთ საქმის ერთი თვით გადადება. იცით, რომ m2-თან არ გამოვიდა და ჩაიშალა მოლაპარაკებები. ახლა ინვესტორის იმედი გვაქვს, რომ საკითხი ისე გამოვიდეს, როგორც ორივე მხარეს გვინდა. მერიასთანაც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. თუ ესეც არ გამოვიდა, მაშინ გამოსავალი აღარ არსებობს და პროცესი ჩიხშია შესული. დანარჩენი ვნახოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გურამ რჩეულიშვილმა.
ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს დღევანდელ პროცესზე საბოლოოდ უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, აპირებდა თუ არა ჩვენების მიცემას.
„ცენტრ პოინტის“ საქმის „მაგნოლიის“ ეპიზოდზე ბრალდებულები არიან მაია და გურამ რჩეულიშვილები. მათ ბრალად ედებათ მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვა.
ამასთან, „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გუშინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.