ცალი თვალით შევიხედოთ ქართული დედათა მონასტრის მყუდრო სამყაროში - The New York Times-ი ფოკის დედათა მონასტრის შესახებ წერს
ცალი თვალით შევიხედოთ ქართული დედათა მონასტრის მყუდრო სამყაროში - The New York Times-ი ფოკის დედათა მონასტრის შესახებ წერს

ცალი თვალით შევიხედოთ ქართული დედათა მონასტრის მყუდრო სამყაროში – The New York Times-ი ფოკის დედათა მონასტრის შესახებ წერს.

„მთელს მსოფლიოში დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების ფონზე დავიწყეთ ახალი სერია, „შევხედოთ მსოფლიოს ფოტოაპარატის ლინზებით“, რომელიც ფოტოჟურნალისტიკის წყალობით ვირტუალურად მოგატარებთ დედამიწას და ჩვენი პლანეტის ყველაზე მშვენიერ და დამატყვევებელ ადგილებს გაჩვენებთ“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, ამ კვირაში რობერტ პრესუტი წარომადგენს ფოტოკოლექციას საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე დედათა მონასტრიდან.

„ერთი ათწლეულის წინ მეგობარს ვახლდი საქართველოს რეგიონებში და წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტერი ვიხილე. მანამდე რამდენიმე წლის წინ, 1992 წელს, იქ ერთმა მონაზონმა და ორმა მორჩილმა დაიდეს ბინა. მათ მე-11 საუკუნის ეკლესიის ნანგრევების აღდგენა დაიწყეს. თავიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლისა და პატრიარქის ილია II-ის ახლომდებარე სახლში ცხოვრობდნენ.

იღუმენია ელისაბედის ხელმძღვანელობით, სამწევრიანი ჯგუფი ისე გაიზარდა, რომ ჩვენი ჩასვლის მომენტისთვის დედათა მონასტერი ექვსი მონაზვნისა და ერთი მორჩილისგან შედგებოდა. იმ დროისთვის ეკლესიის აღდგენაც დასრულებული იყო“, – წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მონაზვნები ხელმარჯვენიც იყვნენ. ყოველ მათგანს უბადლოდ გამოსდიოდა ხელსაქმე. ზოგიერთი მინანქრით და მოზაიკით იყო დაკავებული, ზოგსაც ყველი ამოჰყავდა. ზოგი ქსოვილს ართავდა, ზოგიც, სანთლებს ამზადებდა. სხვები შოკოლადს, თაფლსა და მურაბებს ამზადებდნენ ადგილობრივი ხილისგან, ან საქონელს უვლიდნენ, გოგრა და კარტოფილი მოჰყავდათ, ან პურს აცხობდნენ. ყველა ეს პროდუქტი იყიდებოდა მონასტერში და თბილისში, საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში არსებულ მაღაზიაში.

„ჩემი იქ ყოფნის ორი კვირის განმავლობაში ძალიან დავმეგობრდი დედებთან ისე, რომ ორჯერ – 2011 და 2012 წლებში – მიმიწვიეს კვლავ.

ვეტრფი დედების გამძლეობას და სულის სიმტკიცეს. ძალიან განათლებულნი არიან და საუნივერსიტეტო ხარისხიც გააჩნიათ ისტორიაში, ფილოსოფიაში, მათემატიკასა და ბიოფიზიკაში. ბევრს მუშაობენ და მრავალი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ჯერ თუ ორნამენტი ამოჰყავთ, მერე საქონელს აჭმევენ. საერთო ჯამში, ეს ხალხი თვითკმარობის საუცხოო მოდელია. თან, საოცრად მოწესრიგებულნი არიან. ზედმიწევნით ზუსტად აქვთ განსაზღვრული დღის გეგმა: გამთენიისას 02:00 საათზე დგებიან დილის ლოცვებისთვის და ასე იწყება მათი ყოველი დღე.

ჩვეული საქმის გარდა მონაზვნებს სკოლაც აქვთ, სადაც სომეხი ბავშვები ქართულსა და ინგლისურს ეუფლებიან. მონასტერი ბევრ რამეს სთავაზობს ადგილობრივ თემს – ძირითადად ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, რომლებიც მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობენ“, – წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მონასტრის ტერიტორია იოლი როდია საცხოვრებლად. ზღვის დონიდან 6500 მეტრის სიმაღლეზე ცივა, კლიმატი მძაფრია და ხეები არ ხარობს. თუ ამ ადგილს ზამთარში ეწვევით, შეიძლება რამდენიმე თვე ვერც დაბრუნდეთ შინ ან რომელიმე უახლოეს დიდ ქალაქამდე.

„ყველის ამოყვანის ტექნიკა მთელი ევროპიდან აქვთ ათვისებული და ადგილობრივი სამცხე-ჯავახური ტრადიციებისთვის მორგებული, რათა 18 განსხვავებული სახის ყველი აწარმოონ. მონაზვნები ინარჩუნებენ მინანქრის სახელოვნებო ნიმუშების შექმნის ტექნიკასა და ტრადიციებს. მათ ადგილობრივი ეკლესიების მოსართავად იყენებენ.

დედები ასევე მუშაობენ ტრადიციული სამცხე-ჯავახური ქსოვილის შექმნაზე. ცვლილებები ყველა ადამიანის ცხოვრებაში დაჩქარებული ტემპით ხდება, თუმცა ეს მონაზვნები მშვიდად ლოცულობენ მსოფლიოს გადარჩენაზე და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნების გზებს ეძიებენ. ჩემთვის სწორედ ეს არის მათი უდიდებულესი მემკვიდრეობა“, – აღნიშნულია სტატიაში.