ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანთი ჩაიბარებს
დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი იქნება. დაუნინგ სტრიტის გადაწყვეტილებით, ბორის ჯონსონს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი შეცვლის.
პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, დედოფალი ელისაბედ მეორე ჯერემი ჰანთის კანდიდატურის დამტკიცებას დათანხმდა.
კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, 52 წლის პოლიტიკოსი სხვადასხვა დროს კულტურის, მედიისა და სპორტის, ასევე უნარშეზღუდულთა დახმარების სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტი კი 2012 წლიდან ეკავა.
შეგახსენებთ, „ბრექსიტთან“ დაკავშირებით წარმოშობილი განსხვავებული პოზიციის გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 8 ივლისს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მანამდე, ამავე მიზეზით პოსტი დატოვა „ბრექსიტის“ მინისტრმა, დევიდ დევისმა. ის ბინათმოწყობის ყოფილმა მინისტრმა, დომინიკ რააბმა შეცვალა.