ბრიტანელი დეპუტატები 14 ადამიანის, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ
ბრიტანელი დეპუტატები ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისგან საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 14 ადამიანის, მათ შორის ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების განახლებას ითხოვენ.
ამ ადამიანების უმრავლესობა რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან ან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ალექსანდრე ლიტვინენკოსთან იყვნენ დაკავშირებულები.
BBC წერს, რომ ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. 2001 წლის ივლისში კი რუსეთის მთავარმა პროკურატურამ პატარკაციშვილი კომპანია „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის, ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
ამის შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში გაემგზავრა, რუსეთის ხელისუფლებამ კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. საქართველომ პატარკაციშვილის გადაცემაზე უარი თქვა. 2008 წლის თებერვალში კი ის ლონდონში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
პატარკაციშვილის გარდა, სიაში არიან რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რადიაციის საკითხებში ექსპერტი მეთიუ პანჩერი, ბრიტანელი ბიზნესმენი სკოტ იანგი, რუსი ბანკირი ალექსანდრე პერეპილიჩნი, იურისტი სტივენ მოსი, Time-ის ჟურნალისტი დენიელ მაკგრეგორი, ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დამფუძნებელი იური გოლუბევი და კიდევ რამდენიმე პირი.
ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.