ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ერთი მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა.
დაცვის მხარის განცხადებით, დღემდე დაკითხული მოწმეები მარიანა ჩოლოიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ვერ ადასტურებენ.
„დღევანდელ დღეს მარიანა ჩოლოიანის დაუსაბუთებელ ბრალთან დაკავშირებით გაგრძელდება არსებითი განხილვა. დღევანდელ დღემდე აღნიშნულ საქმეზე ბრალდების სახელმძღვანელოდ რჩება დაზარალებული დედის ჩვენება, სხვა რამე სახის ჩვენება, სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას საქმის არსებით განხილვაზე არ არის გამოკვლეული. სასამართლოში დაკითხული მოწმეები მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას ძალადობის, იძულების ფორმატში მოწმეზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც ედავება ბრალდება არ არის გამოკვლეული“, – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
პროკურორის განცხადებით, მოწმე რომელიც პროცესზე დაიკითხა, უშუალოდ შეესწრო ყველა იმ გარემოებას, რომელიც მოხდა 2019 წლის 10 დეკემბერს.
„მოგეხსენებათ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია და დღეს სასამართლოში დაიკითხა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირი, რომელიც უშუალოდ შეესწრო იმ გარემოებებს და მარიანა ჩოლოიანის მიერ ლუკა სირაძის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას“, – განაცხადა პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.