გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

ადვოკატის ინფორმაციით, სხდომაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაიხედება.

„გაიმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც განიხილავენ მტკიცებულებათა დასაშვებობას. გადაიხედება პატიმრობის საკითხიც და სასამართლო იმსჯელებს გადასცეს თუ არა საქმე არსებითად განსახილველად. საკმაოდ დიდი მოცულობის მტკიცებულებებია მოგროვებული როგორც სახელმწიფო ბრალდების მიერ, ასევე დაცვის მხრიდანაც არის წარდგენილი საკმაო მოცულობის ინფორმაცია.

მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მარიანა ჩოლოიანის მიერ ჩადენილი არ ყოფილა. ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან მარიანა ჩოლოიანის ქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება წაუყენებდა სხვა ბრალს – თვითმკვლელობამდე მიყვანას. სახელმწიფო ბრალდება მარიანა ჩოლოიანს არ ედავება ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანას, ეს კატეგორიულად გამორიცხულია. მხოლოდ ერთი მუხლით მოწმეზე ზეწოლაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, ქალბატონ მარიანას არანაირი კავშირი და შეხება ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა, არჩილ შალვაშვილმა.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა. ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაიმართა.

საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სადაც ნათქამია, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა.