ბორნეოზე აღმოჩენილი ფოთლის ნამარხები აჩვენებს, რომ კუნძულის ტყე სულ მცირე ოთხი მილიონი წლისაა — #1tvმეცნიერება
ბორნეოზე აღმოჩენილი ფოთლის ნამარხები აჩვენებს, რომ კუნძულის ტყე სულ მცირე ოთხი მილიონი წლისაა — #1tvმეცნიერება

კუნძულ ბორნეოზე აღმოჩენილი ფოთლის ნამარხები პირველად შეისწავლეს დეტალურად და გაირკვა, რომ ტროპიკული ტყე, რომელიც ამ კუნძულს ფარავს, იქ უკვე სულ მცირე ბოლო ოთხი მილიონი წელიწადია არსებობს.

ამჟამინდელ ლანდშაფტში დიპტეროკარპული ხეები დომინირებს და მკვლევართა განცხადებით, დიდწილად ისე გამოიყურება, როგორც ის პლიოცენის ეპოქაში უნდა ყოფილიყო, 2,6 – 5,3 მილიონი წლის წინ. ამიტომ, ის ღირებული ეკოსისტემაა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ.

ბორნეო თითქმის 270 დიპტეროკარპული სახეობის სამშობლოა, ანუ მთლიან გლობალურ სახეობათა ნახევარზე მეტის. გამომდინარე იქიდან, რომ ტროპიკული აზიის ბიომრავალფეროვნება ამჟამად მწვავე საფრთხის ქვეშაა, ეს კუნძული გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერაში.

„ეს იმის პირველი დემონსტრაციაა, რომ დიპტეროკარპული ხეები, ბორნეოსა და მთელი აზიის ნოტიო ტროპიკებისთვის დამახასიათებელი დომინანტური სიცოცხლის ფორმა არა უბრალოდ წარმოდგენილი, არამედ დომინანტიც იყო. აღმოვაჩინეთ მცენარის სხვა ნებისმიერ ჯგუფზე უფრო მეტი დიპტეროკარპების ნამარხი“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეობიოლოგი პიტერ ვილფი.

დიპტეროკარპები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტროპიკული ხეებია; ზოგიერთი ინდივიდი 100 მეტრზე მაღალიც კი იზრდება.

თუმცა, მათი ფოთლების გაქვავებულ ნამარხთა პოვნა რთულია, რადგან ტყის საფარში და ნიადაგში ღრმადაა ჩაფლული.

ბორნეოზე მცენარეული სიცოცხლის შესასწავლად აქამდე უკვე გამოუყენებიათ ყვავილების განმარხებული მტვერი, მაგრამ რადგან დიპტეროკარპების მტვერი ძალიან სწრაფად იხრწნება, არსებობდა ეჭვი, რომ მტვრის შესწავლა მთლიან სურათს ვერ გვაჩვენებდა. ამ შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ქვები, რომლებშიც განმარხებული იყო მრავალი დიპტეროკარპის ფოთოლი და ძალიან ცოტა მტვერი, რამაც ეს ჰიპოთეზა კიდევ უფრო გააძლიერა.

ახალი კვლევა აერთიანებს როგორც ფოთლის, ისე ყვავილის მტვრის ნამარხებს, რის შედეგადაც გამოვლინდა მანგროს ხეებისა და ჭაობების უძველესი სამყარო, რომლებსაც დაბლობის ტროპიკული ტყეები ესაზღვრებოდა, ქვეშ კი მრავალი გვიმრა და მცოცავი მცენარე იზრდებოდა.

„რეალურად დავინახეთ, როგორ გამოიყურებოდა გარემო მილიონობით წლის წინ. ის ძალიან ჰგავდა დღეს იქ არსებულს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰაბიტატები ტროპიკული აზიის დიდ ნაწილში გაანადგურეს“,— ამბობს ვილფი.

ტყეები დიდი წნეხის ქვეშაა ჩეხვის, სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების მხრიდან. ბორნეოზე მაღალია დეფორესტაციის (გაუტყივრება) მაჩვენებელი, თუმცა, კუნძულის ბრუნეის მხარეს, სადაც ეს კვლევა ჩატარდა, ძველი ტროპიკული ტყეების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენილია.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი დაცვის შენარჩუნება და გავრცობა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. დამტვერვის შესაძლებლობებისა და საკვებად ღირებული თესლების ვრცელი მარაგის გამო, დიპტეროკარპი ხეები მრავალი სახის ფლორისა და ფაუნისთვის საძირკვლის როლს ასრულებენ, მათ შორის ცხვირა მაიმუნების, ნისლა ლეოპარდების, მალაური დათვებისა და მალაური რქაცხვირასებებისთვის.

ამჟამად, აზიური დიპტეროკარპის 460 სახეობიდან 89 პროცენტს საფრთხესთან ახლოს მყოფის სტატუსი აქვს, 57 პროცენტს კი საფრთხის ქვეშ მყოფის, კრიტიკულად საფრთხის ქვეშ ან გადაშენების წინაშე მყოფის. თუკი ასე გაგრძელდა, ეს კვლევა აჩვენებს, რომ დავკარგავთ ტყის ისტორიის ოთხ მილიონ წელიწადს. ამ რეგიონის კარგად შესწავლა საკონსერვაციო ძალისხმევაში უნდა დაგვეხმაროს.

„აზიური ტროპიკების ნამარხების ძალიან ცოტა კვლევა ჩატარებული. იმედი მაქვს, რომ ეს კვლევა სტიმულს მისცემს ნამარხების უფრო მეტ კვლევას ტროპიკებში, რადგან ისინი ძალიან ბევრ რამეს გვეტყვის ამ რეგიონის ბუნების ისტორიის შესახებ“, — ამბობს ბრუნეის დარუსალამის უნივერსიტეტის ეკოლოგი ფერი სლიკი.

კვლევა ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია psu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.