ინდოეთის ოკეანის სიღრმეში გადაჭიმულ უფსკრულში, გაყინულ წყვდიადში ნელ-ნელა იზრდებოდა უზარმაზარი „მკვდრების ქალაქი“.
1200 კმ სიგრძის დიამანტინას დაბზარვის ზონის გასწვრივ, რომელიც ოკეანის ფსკერს ავსტრალიასა და ანტარქტიდას შორის ყოფს და სიღრმეში 7002 მეტრს აღწევს, მეცნიერებმა უპრეცედენტო ნეკროპოლი აღმოაჩინეს, რომელშიც თითქმის 500 ვეშაპის ჩონჩხია.
ზოგიერთი ძვალი 5,3 მილიონი წლის წინანდელია, ადამიანების გაჩენამდე დიდი ხნით ადრინდელი.
ეს გახლავთ ვეშაპების უდიდესი, უღრმესი და უძველესი სასაფლაო ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, რომელშიც ჩონჩხები უწყვეტად გროვდებოდა მილიონობით წლის განმავლობაში.
„ეს აღმოჩენა ცვლის ჩვენს გაგებას ვეშაპების ჩაცვენის ეკოსისტემის ლიმიტებისა და ბიოგეოგრაფიის შესახებ და ღრმა ზღვის ფსკერს წარმოაჩენს როგორც ნამარხების არქივს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ღრმა ზღვის მეცნიერი სიატონოგ პენგი.

ზღვის ფსკერის ყველაზე ღრმა ნაწილებში ბევრი რამ დიდხანს არ რჩება.
ზედაპირიდან 1000 მეტრს ქვემოთ მზის სინათლე ვერ აღწევს; ის მაღლა წყლებში აირეკლება და იფანტება.
ზემოთ არსებული წყლის წონა წარმოქმნის წნევას, ტემპერატურა კი გაყინვის წერტილზე ოდნავ მაღალია — სითბოს პოვნა შესაძლებელია მხოლოდ ზღვის ფსკერზე არსებულ ვულკანურ ნაპრალთა გარშემო.
ეს ადგილი ძალიან მკაცრი და დაუნდობელი, სადაც საკვები შედარებით მწირია.

ვეშაპების ჩონჩხების ჩაცვენა წარმოადგენს ნამდვილ დღესასწაულს ზღვის ფსკერზე არსებული სიცოცხლისთვის და უსიცოცხლო ლანდშაფტს მართალია დროებით, მაგრამ აყვავებულ ეკოსისტემად გარდაქმნის. ვეშაპის ძვლებიც კი საკვებია ოსედაქსის (Osedax) ჭიებისთვის, რომლებიც მას იქამდე ჭამენ, ვიდრე აღარაფერი დარჩება.
დიამანტინას დაბზარვის ზონას მკვლევრები პროგრამა Global Trench Exploration and Dive Programme-ის (Global TREnD) ფარგლებში იკვლევდნენ, რომელსაც ახლა GHEP ეწოდება და წარმოადგენს კვლევით პროექტს, რომლის მიზანიც არის ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილების კვლევა.
2023 წლის თებერვალში, ეკიპაჟიანი წყალქვეშა ხომალდით, Fendouzhe-ით ჩასვლისას, მკვლევრებმა ვეშაპის პირველი ჩონჩხი შენიშნეს.
შემდეგ კვირებში, ხომალდით მათ 32-ჯერ კიდევ ჩაყვინთეს და რაც ნახეს, უბრალოდ გასაოცარი იყო.
უფსკრულის 1200 კილომეტრიან მონაკვეთზე მკვლევრებმა ვეშაპების ჩაცვენის 485 ადგილი აღრიცხეს. მათ შორის იყო 476 ვეშაპის განმარხებული ნარჩენები და ხუთი ბოლო პერიოდში ჩაძირული ნეშტი, რომელთა გარშემო აქტიური ეკოსისტემა ყვაოდა.

ფსკერზე მრავალი ნიმუში აიღეს; მათ შორის ყველაზე ძველი თავის ქალა 5,26 მილიონი წლის წინანდელი აღმოჩნდა.
მასში იმალებოდა მინიშნება იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებდა ეს რეგიონი ვეშაპების ნამარხების ასე შესანიშნავად შენარჩუნებას.
ნაშთების უმეტესობა თანამედროვე და გადაშენებულ დინგნისკარტა ვეშაპებს ეკუთვნოდა — ღრმა ზღვის მოუხელთებელ ვეშაპთა ოჯახს, რომლებსაც ეს სახელი დელფინის მსგავსი დინგის გამო უწოდეს.
დინგის ძვლები უკიდურესად მკვრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლებენ იმდენ ხანს, რომ მათში ფერომანგანუმის ოქსიდები დაგროვდეს, რაც შემდგომ დეგრადაციას აჩერებს.
ამიტომ, რატომ დინგნისკარტა ვეშაპები და რატომ ოკეანის ამ ნაწილში? ამ საკითხებთან დაკავშირებით მკვლევრებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ.
შესაძლებელია, რომ დიამანტინას დაბზარვის ზონა აკუმულირების ბუნებრივი წერტილია ვეშაპის მრავალი სხვადასხვა სახეობისთვის, მაგრამ სხვა სახეობები მალე იხრწნება და ვერ ინახება.

ასევე შესაძლებელია, რომ დინგნისკარტა ვეშაპების ცხოვრების სტილს (ღრმა წყლებში ნადირობა კალმარებსა და თევზზე) წვლილი შეაქვს ამ დაბზარვის ზონაში მათ აკუმულირებაში.
„ფილტვების აგებულებიდან გამომდინარე, დინგნისკარტა ვეშაპების ჩაყვინთვის მაქსიმალური სიღრმე 3000 მეტრზე მეტია. შესაბამისად, 3000 მეტრზე ღრმად ნადირობა მათთვის ფიზიოლოგიურად ძალიან დამღლელი იქნებოდა და გაზრდიდა გაგუდვის რისკს“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, საბოლოოდ, დიამანტინის ზონის V-ს ფორმის ტოპოგრაფიას შეიძლება დამატებითი წვლილი შეაქვს ამ აკუმულირებაში, რადგან ვეშაპების სიკვდილის შემდეგ მათ ჩაძირულ სხეულებს ზღვის ფსკერის ამ ადგილისკენ მიმართავს.
როგორც არ უნდა იყოს, ეს ადგილი ნამდვილად გასაოცარია.

ბოლო პერიოდში ჩაძირულ ვეშაპთა გარშემო მკვლევრებმა მდიდარი ბიოტა აღრიცხეს, მათ შორის, მიკრობული ხალიჩები, ოსედაქსის ჭიები, გველკუდები, ორსაგდულიანი მოლუსკები, რომლებსაც სიმბიოზური ურთიერთობა აქვთ ქიმიკატების მჭამელ მიკრობებთან, ისე, როგორც ეს ჰიდროთერმული ღრმულების გარშემო ბინადრებს აქვთ, სადაც სიცოცხლეს ენერგიით უზრუნველყოფს არა მზის სინათლე, არამედ ქიმია.
ეს აჩვენებს, რომ ჩაძირული ვეშაპების ეკოსისტემები შეიძლება იმაზე ღრმად ყვაოდეს, ვიდრე აქამდე ვიცოდით და ოაზისებს ქმნიდეს სასტიკი გარემოს ბინადარი ორგანიზმებისთვის.
ამას გარდა, ეს ადგილი წარმოადგენს ევოლუციურ არქივს, სადაც შენახულია დინგნისკარტა ვეშაპების მილიონობითწლიანი ევოლუციური ისტორია. მკვლევრებმა აღრიცხეს აქამდე უცნობი სულ მცირე ერთი გადაშენებული სახეობა და ეჭვი აქვთ კიდევ მრავალზე.
აშშ-ის კალვერტის საზღვაო მუზეუმის პალეონტოლოგი სტივენ გოდფრეი ამბობს, რომ ეს ადგილი განსაკუთრებულია და მის მნიშვნელობას ადარებს ჰიდროთერმულ ღრმულთა გარშემო ცოცხალი ლატიმერიის აღმოჩენას.
კვლევა ჟურნალ Nature-შო გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.