დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ტოვებს მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას.
„ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონის განმარტებით, ის ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.
ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებაზე განცხადებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე. პროტესტი კი უკავშირდება სექსუალურ სკანდალს, რომლის გამო ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა.
საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი 3 წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებ ბორის ჯონსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ის ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.