ბორის ჯონსონი - სკრიპალის მოწამვლა არის სიგნალი რუსეთში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის
ყოფილი ორმაგი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლა – ეს არის სიგნალი რუსეთში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის, – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც გამოცემა The Washington Post-ში წერილი გამოაქვეყნა.
„სიგნალი ერთმნიშვნელოვანია: ჩვენ გიპოვით, ჩვენ დაგიჭერთ, ჩვენ მოგკლავთ“, – წერს ბორის ჯონსონი.
ბრიტანელი დიპლომატის თქმით, აღნიშნული დანაშაული კრემლის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და ვლადიმერ პუტინის ქმედებების საერთო სურათის ნაწილია.
ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლას, ყირიმის ანექსიას, უკრაინაში განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, გერმანიის პარლამენტზე ჰაკერულ თავდასხმებსა და უცხო ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევას, ერთი ხაზი აერთიანებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.