ბორის ჯონსონი აქვეყნებს წერილს - „ყირიმის უკანონო ანექსიის ოთხი წელი“
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ყირიმის ანექსიის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა სათაურით „ყირიმის უკანონო ანექსიის ოთხი წელი“. საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ბორის ჯონსონი წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ახსოვდეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საშინელი შედეგები და გააორმაგოს სიმტკიცე საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საქმეში.
როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა 2015 წელს გამოქვეყნებულ ფილმში თავად აღიარა, რომ ნახევარკუნძულის დაპყრობის გადაწყვეტილება კრემლში 2014 წლის 22 თებერვალს გამართულ თათბირზე მიიღეს.
„ამიტომ, ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილება მიიღეს სამი კვირით ადრე ფიქტიურ რეფერენდუმამდე, რომლითაც მოსკოვი ცდილობდა საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაციას. რეგიონის მცხოვრებლების დაცვისა და მათი სურვლების შესრულების შესახებ პუტინის ყველა მომდევნო განცხადება უპრეცედენტოდ ყალბი იყო“, – წერს ბორის ჯონსონი.
ბრიტანელი დიპლომატის თქმით, ყირიმის ანექსია ევროპაში 1945 წლის შემდეგ საზღვრების ძალის გამოყენების გზით საზღვრების შეცვლისა და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ძალადობრივი ანექსიის პირველი შემთხვევა გახდა. ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ ყირიმის ანექსიის დროს რუსეთმა იმდენი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი დაარღვია, რომ ყველას ჩამოთვლა რთულია. მინისტრი მაგალითად ასახელებს გაერო-ს ქარტიის მეორე მუხლს, 1975 წლის ჰელსინკის დასკვნით აქტს, რუსულ-უკრაინულ შეთანხმებას მეგობრობის შესახებ და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს.
წერილში ნათქვამია, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თავისი ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის გაღვივებით გააგრძელა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთი დღემდე აგზავნის კონფლიქტის ზონაში სამხედრო დანაყოფებსა და ტანკებს. როგორც ბორის ჯონსონი წერს, ამ კონფლიქტს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2,3 მილიონმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კი საკუთარი სახლები დატოვა. ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი კი მალაიზიური ავიახაზების „ბოინგი“, რეისი MH17 გახდა, რომელიც პრორუსი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. შედეგად დაიღუპა 298 უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის 10 ბრიტანელი.
ბორის ჯონსონი სტატიაში ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ყირიმელი თათრების რეპრესიებზე წერს. მისი თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთმა ნახევარკუნძულზე უფლებადამცველი ორგანიზაციები არ დაუშვა.
ჯონსონი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, რაც ნიშნავს, რომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე ყირიმი კრემლის კონტროლის ქვეშ რჩება, ხოლო დანარჩენი სანქციები – მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე.
„ამ ზომებმა უნდა აჩვენოს, რომ არც ერთ ქვეყანას, განურჩევლად მისი ზომისა, არ აქვს უფლება, დაანაწევროს თავისი მეზობლები და დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი შედეგების გარეშე“, – წერს ბორის ჯონსონი.