ბოლო ერთ კვირაში, 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 60 წელს გადაცილებული 10 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა
60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებიდან პირველი კვირის განმავლობაში, პირველი დოზა ვაქცინა აღნიშნული ასაკის 10 121-მა მოქალაქემ გაიკეთა. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მონაცემები დღეს მიიღეს, მიღებიდან მათი დამუშავებისა და ბენეფიციარებისთვის თანხის დარიცხვისთვის გამოყოფილი ვადა კი ხუთი სამუშაო დღეა. გოგოძის თქმით, როგორც კი დამუშავების პროცესი დასრულდება, ყველა ეს მოქალაქე თანხას უახლოესი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, ერთდროულად მიიღებს.
გოგოძის თქმით, პირველი კვირის შედეგები კარგია, თუმცა მისი მოლოდინია, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, როცა პროგრამის ცნობადობა გაიზრდება, წახალისების ამ მექანიზმით კიდევ მეტი ადამიანი ისარგებლებს.
60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა 8 ნოემბრიდან ამოქმედდა.
აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები, რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველ კოვიდსაწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, შეძლებენ 200-ლარიან ერთჯერადი დანამატის მიღებას.
ამასთან, რადგან საქართველოში მამაკაცის საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება, იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და არ არიან პენსიის მიმღებნი და ამავდროულად არც საბანკო ანგარიში აქვთ, სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის. ანგარიშის გახსნა ბაზების მიღებიდან, ანუ ყოველი თვის პირველი და 15 რიცხვიდან ხუთი დღის განმავლობაში მოხდება და ეს ადამიანები, ისევე როგორც დანარჩენი ბენეფიციარები, თანხას სწორედ ამ ხუთი დღის ვადაში მიიღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოქალაქეები, რომლებიც ერთ აცრას გაიკეთებენ, განსაზღვრულ ვადაში მეორე ვაქცინაციასაც ჩაიტარებენ.