ბოდრუმის ღამის კლუბში თავდასხმას კლუბის მეპატრონე და მომღერალი ემსხვერპლა
თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, კლუბ Medusa-ში თავდასხმას ორის ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის ერთი მომღერალია, მეორე კი კლუბის მეპატრონე. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.
ღამის კლუბში ცეცხლი ოთხმა მამაკაცმა გახსნა. ბოროტმოქმედებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. თუმცა სათვალთვალო კამერების შესწავლის შემდეგ პოლიციამ ეჭვმიტანილების ავტომობილის იდენტიფიცირება მოახდინა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მათ მეზობელ ქალაქ, მანისაში მიაგნო და ბოდრუმში გადაიყვანა. ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მიმდინარეობს დაკითხვა.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია ცეცხლის გახსნის შესაძლო მიზეზად პირად დაპირისპირებას ასახელებს.