შსს ერთ-ერთ ღამის კლუბში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისა და თაღლითური სქემის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციასა და ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რვა პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-სა და გ.ც.-ს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან – ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-სა და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასა და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.