ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მწვავე რესპირატორული ინფექციის მქონე 100-მდე პაციენტი მკურნალობს
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალვინა ჯავახაძე აცხადებს, რომ ამჟამად აღნიშნულ კლინიკაში 100-მდე პაციენტი მკურნალობს და ყველა შემთხვევა რესპირატორული ინფექციის გართულებას ეხება.
მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„სეზონური ეპიდემიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე როგორც წესი, გრიპის ვირუსი ცირკულირებდა. განსხვავება იმაშია, რომ მანამდე იყო „ბე“ ტიპის ე.წ. სეზონური გრიპის ვირუსი, ხოლო ბოლო პერიოდში მსოფლიოში და საქართველოშიც „ა“ გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ეს ვირუსი შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მწვავე დასაწყისი აქვს, უპირატესად აზიანებს ქვემო სასუნთქ გზებს. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დაბალი იმუნიტეტი, წლამდე ასაკის ბავშვებს, ასაკოვნებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მაღალი რისკი აღენიშნებათ. ჩვენი რჩევა იქნება, დროულად მიმართონ ოჯახის ექიმებს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ ეტაპზე ჩვენთან პაციენტები მკურნალობენ პნევმონიის, ბრონქიტის, კარდიტის ან სხვა რაიმე გართულებების გამო“,-აცხადებს მალვინა ჯავახაძე.
ექიმის თქმით, რეკომენდაციებიდან ძალიან მნიშვნელოვანია აცრა.
„აცრების პერიოდი იყო სექტემბერ- ოქტომბერში, თუმცა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აცრა ყოველთვის ეფექტურია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ აცრიდან პირველი ორი კვირა არის დაუცველი, შემდგომ უკვე სრული დაცვა ექნება“-განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.