კლინიკებში „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დაიწყო
კლინიკებში „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დაიწყო

კლინიკებში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის, „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა უკვე დაიწყო. ექიმის დანიშნულებით  პრეპარატის უფასოდ მიღება ყველა პაციენტს შეუძლია.

„ჯანდაცვის სამინისტროდან გადმოგვეცა მედიკამენტი „ტამიფლუ“ და მივიღეთ დავალება, 24 საათის განმავლობაში ვაწარმოოთ პაციენტების სამედიცინო მომსახურება, ექიმის მიერ განსაზღვრული კლინიკური საჭიროების შემთხვევაში კი, გადავცეთ აღნიშნული მედიკამენტი აბსოლუტურად უფასოდ“, – განაცხადა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენელმა, ბექა იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, 7 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურიდან 500-მდე შეტყობინება გადამისამართდა.

„მივიღეთ 700-მდე ამბულატორიული პაციენტი. გრიპის დიაგნოზი სიმპტომებზე დაფუძნებით გამოუვლინდა შვიდს. დანარჩენ შემთხვევაში იყო გრიპი და მისი მსგავსი დაავადებები. პნევმონიის შემთხვევა დაფიქსირდა ოთხ პაციენტში“, – განაცხადა ბექა იოსელიანმა.

საქართველოში ანტივირუსულ მედიკამენტის, „ტამიფლუს“ ახალი მარაგი,  13 ათასი კოლოფი დღეს შემოიტანეს.  მედიკამენტი სააფთიაქო ქსელებსა და ჯანდაცვის ცენტრებში გადანაწილდება. წამლის გაცემა თბილისის მასშტაბით აფთიაქებში დღეს საღამოს დაიწყება, ხოლო რეგიონებში ხვალ 12:00 საათიდან.