გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ, 20 ლარი ეღირება
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ, 20 ლარი ეღირება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალი პარტია საქართველოში დღის მეორე ნახევარში შემოვა. განბაჟებისა და განაწილების პროცედურების შემდეგ, ვაქცინა სავარაუდოდ, ხუთშაბათიდან ან პარასკევიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ამასთან, როგორც პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, სახელმწიფო 3 000 ერთეულ ვაქცინას შეისყიდის, რაც ორსულების ვაქცინაციას მოხმარდება. კერძო სექტორში კი, 4 000 ერთეული ვაქცინა შევა.

ვაქცინის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ აცხადებენ, რომ ფრანგული წარმოების მედიკამენტები ამ ეტაპზე თურქეთშია და მის საქართველოში შემოტანას უახლოეს საათებში ელოდებიან. კომპანიის ინფორმაციით, ვაქცინა სამ კომპონენტიანია და მისი სავარაუდო ფასი 20 ლარი იქნება.

დამატებითი დეტალები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება ვაქცინის რეალიზაცია მედიკამენტების სარეალიზაციო ქსელში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება H1N1 ვირუსის გავრცელებას, ბოლო კვირების განმავლობაში მცირდება და უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე 251 შემთხვევას შეადგენს.