გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში 22 იანვარს შემოვა
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში 22 იანვარს შემოვა

H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი ქვეყანაში 22 იანვარს შემოვა. ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7 000 დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს 23 იანვრიდან შეეძლებათ.

„სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, 17:00 საათზე ჩამოდის თვითმფრინავით H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაახლოებით 7 000 დოზა. ალბათ ოთხშაბათიდან განაწილდება შესაბამისი კატეგორიის ადამიანებზე. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყდება, რომელი ჯგუფი მიიღებს აღნიშნულ ვაქცინას. ძირითადად, ყველაზე მაღალი რისკჯგუფი გახლავთ ორსული ქალბატონები, რადგან ორსულობის დროს გრიპი სერიოზულ გართულებებს იწვევს და ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ ვაქცინით აიცრან ორსული ქალბატონები. ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფასო იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სახელმწიფომ ვირუსის სეზონამდე ანუ შემოდგომაზე 41 000 ადამიანი აცრა, რომლებიც რისკჯგუფებში შედიოდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ ზოგადად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ტარდება ხოლმე გრიპის სეზონის დაწყებამდე. ვაქცინის 85 პროცენტი მოიხმარება გრიპის სეზონის წინ, ეს არის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. რაც შეეხება გრიპის სეზონს, ამ დროს ვაქცინის 10-15 პროცენტი იხარჯება ხოლმე. ახლა მარაგი შეივსება და პრიორიტეტები რისკჯგუფების მიხედვით გადანაწილდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხვალ დღის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას და გაირკვევა, როგორ გადანაწილდება H1N1 ვაქცინის ახალი მარაგი.