ბიზნესომბუდსმენმა კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხის შესწავლა დაიწყო
ბიზნესომბუდსმენმა კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხის შესწავლა დაიწყო

კლინიკების ხელმძღვანელები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, კლინიკა „ღია გულის“ ხელმძღვანელ დავით მიქელაძის განცხადებით, მას შეხვედრის შემდეგ პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ ბიზნესომბუდსმენი კლინიკების ხელმძღვანელების მიერ დასმულ პრობლემებს ყურადღებით მოეკიდება. მიქელაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენმა ითხოვა რამდენიმე დღე, რათა საკითხში გაერკვეს. მისივე განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელია, დარგი გადარჩეს და პაციენტს ზიანი არ მიადგეს.

დავით მიქელაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების შესახებ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს და მანამდე არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ამავე დროს, მიქელაძის განცხადებით, რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ, შექმნილ პრობლემებზე იმსჯელონ.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ცვლილებები უკვე შეეხო კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას.

11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.

ღია წერილის ხელისმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა.

ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება.

„ჩვენთვის გაუგებარია, რა გათვლებს ეფუძნება №520 დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები. ტარიფების განხილვა არც დარგობრივ ასოციაციებთან და არც კლინიკებთან არ მომხდარა“, – აცხადებენ ღია წერილის ავტორები.