ბიზნესმესნმა რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბის წართმევის საქმეზე გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქალაქ თბილისის მერიისა და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წინააღმდეგ საჩივარი მომზადდა.
ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ამბობს, რომ 2006 წლის 4 ნოემბერს, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე იძულებული იყო დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა.
როგორც ახვლედიანი აცხადებს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამასთან, აღნიშნა, რომ ამ განცხადებიდან მეექვსე დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ ბათილად არ იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის განკარგულება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები საფუძვლიანია, თუმცა მათი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იურიდიული საფუძვლები მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადების არსებობა გახდა.
„ჩემთვის გაურკვეველი მიზეზებით, ფინანსურში დამიბარეს. მომთხოვეს განცხადების დაწერა და უარი მეთქვა ქონებაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსგან შევიძინე. ჩემი დაბარებები გრძელდებოდა რაღაც პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, იყო ზეწოლა. იმედი მქონდა, სასამართლოში დავადგენდით, რომ იმ დროს ბიზნესმენები საკუთარ ქონებას ნებით არ აბარებდნენ. ვარ შეშფოთებულიც და გაოგნებულიც“, – განაცხადა ახვლედიანმა.