გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში ცნო დამნაშავედ.

ბრალდებული სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

გადაწყვეტილებას ტენდენციურად მიიჩნევენ ადვოკატებიც.

„გადაწყვეტილება ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ვფიქრობთ, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს რვა წელი მიესაჯა”, – განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

განაჩენით უკმაყოფილო არიან ბიზნესმენის მფლობელობაში არსებული კომპანიის თანამშრომლებიც.

„დღევანდელი დღით აღშფოთებული ვართ თანამშრომლები. სასამართლოს ამ განაჩენს არ ველოდით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არაა სწორი, ამას ადვოკატები გაასაჩივრებენ. არავის უფიქრია იმ თანამშრომლებზე, რომ მათი ხელმძღვანელი უკანონოდ არის პატიმრობაში. რა ეშველება ათასობით ადამიანს, რომელიც იქ დასაქმებულია და მათ უკან ოჯახებია”, – განაცხადეს ოზთურქის კომპანიის, „მეტრო სითის“ თანამშრომლებმა.

ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას ობიექტურად მიიჩნევს. პროკურორ ლევან მურვანიძის თქმით, გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. პროკურორი ამბობს, რომ უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

პროკურატურა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება.

პარალელურად, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.