ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი განახლდა.

სასამართლო დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. ადვოკატები აპირებენ, კვლავ დააყენონ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან ერთ-ერთი დაკავებულის, არჩილ ვანაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ ვანაძე უდანაშაულოა და უკანონოდ არის დაპატიმრებული. ახლობლები მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი სამართლდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი თვის წინ დააკავეს.

საგამოძიებო ორგანო ოთხ მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვსა და ბათუმის მერიის ორ თანამშრომელს, არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.

საქმე ეხება ბათუმში „იაფი სახლის“ პროექტს. პროკურატურის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან გაფლანგულია მილიონ 370 ათას ლარზე მეტი.