ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც ოპოზიცია დეპუტატობის კანდიდატ რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა
ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც ოპოზიცია დეპუტატობის კანდიდატ რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა.

„ამომრჩევლის მოსყიდვის დადასტურებისთვის აუცილებელი მყარი და სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

მოსარჩელის პოზიციით, რამაზ ჯინჭარაძის და „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნებისთვის 1053 ახალი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ რეგისტრაციის ადგილი მოქალაქეებმა ბინებისა და გარკვეული თანხის გადაცემის პირობით შეიცვალეს.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა კი განაცხადა, რომ სარჩელში დასახელებული რიცხვი არარეალურია და დღევანდელი მონაცემებით, მაჟორიტარულ ოლქში ამომჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 400-ით გაიზარდა.