ბიზნესგაერთიანებების ნაწილი „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
ბიზნესგაერთიანებების ნაწილი „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ბიზნესგაერთიანებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს განცხადებით მიმართავენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ დღემდე არ მიუღიათ პასუხი წერილზე, რომელშიც ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს სთხოვდნენ, ახსნა-განმარტებებს „ოქროს სიით“ გათვალისწინებული შეღავათების გაუქმების შესახებ.

„ბატონო მამუკა, სამწუხაროდ, ბიზნესგაერთიანებებს დღემდე არ მიგვიღია პასუხი წერილზე, რომელშიც ფინანსთა მინისტრს ვთხოვდით ახსნა-განმარტებებს „ოქროს სიისა“ და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების შესახებ, მაშინ როდესაც ცვლილებები სრულად ძალაში შედის 2019 წლის 2 ივლისს.
გვინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ბიზნესსექტორის უმრავლესობისთვის რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო. აღნიშნული ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებზეც გავრცელდება გადასახდელის გადახდის ხუთ-დღიანი ვადა წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად მოქმედი 15-დღიანი ვადისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესგაერთიანება პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს, უახლოეს დღეებში გაიმართოს შეხვედრა ბიზნესსუბიექტებთან.

„მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს დღეებში გამართოთ შეხვედრა ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, ზემოხსენებული ბრძანების შინაარსისა და ძალაში შესვლის ვადებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ბრძანების დათქმულ ვადაში ამოქმედების შედეგად მოსალოდნელი ნეგატიური ცვლილებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია“, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“, „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“.