ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკი 73 პროცენტით იმარჯვებს
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 80,78 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 73,09 პროცენტი დააგროვა.
უკრაინის ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,57 პროცენტი მიიღო.
ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს, ლვოვის გარდა, ყველა ოლქში უგებს არჩევნებს.
ვლადიმირ ზელენსკის შტაბში აცხადებენ, რომ მათთან არჩევნებზე დარღვევების შესახებ 1475 შეტყობინება შევიდა. მათი უმეტესობა ხმის მიცემის პროცესში ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ეხებოდა.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ არჩევნებმა მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამასთან, უკრაინის ცესკო-ში დაადასტურეს, რომ ზოგიერთ უბანზე ბიულეტენების დეფიციტი იყო.
საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის აქტივობა 62 პროცენტი იყო.